GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
27 ნოემბერი 2020
უპილოტო საჰაერო ხომალდები

უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებისა და ოპერატორების საყურადღებოდ!

2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის ახალი წესი და მასთან დაკავშირებული თანმდევი ნორმატიული აქტები. პროექტები შემუშავებულია ევროკომისიის მიერ, 2019 წელს მიღებული „COMMISSION IMPLEMENTING REGULATION (EU) 2019/947“ და „COMMISSION DELEGATED REGULATION (EU) 2019/945“ რეგულაციების მიხედვით.

უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის ახალი წესი მიზნად ისახავს საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე ერთგვაროვანი სამართლებრივი მოთხოვნების არსებობას საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

ახალი წესი ახორციელებს უპილოტო საჰაერო ხომალდების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციის დამატებით მოთხოვნებს, რომლებიც ეხება დისტანციური პილოტების კომპეტენციას, უპილოტო საჰაერო ხომალდის მარკირებას და დისტანციურ იდენტიფიკაციას. ახალი წესის ფარგლებში დისტანციურ პილოტებს „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციისას მოეთხოვებათ ელექტრონული ტესტის გავლა, რის შემდეგაც მათ სააგენტოს მიერ მიენიჭებათ კომპეტენციის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი. წესი ასევე ადგენს 250 გრამზე მეტი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის რეგისტრაციის მოთხოვნას. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატანტის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება  ელექტრონულად, სააგენტოს ვებ-გვერდზე შემუშავებული სპეციალური ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

გარდა ამისა, წესი ადგენს სამართლებრივ მოთხოვნებს სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული იმ ექსპლუატანტების მიმართ, რომლებიც უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციას ახორციელებენ საქართველოს საჰაერო სივრცეში.

ახალი წესის ფარგლებში, ექსპლუატაციის „სპეციფიკურ კატეგორიაში“ ჩნდება ახალი მოთხოვნები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ექსპლუატაციის განხორციელება, როგორც დეკლარირების, ასევე ერთჯერადი თანხმობის და ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოპოვების შედეგად. აღნიშნული პრაქტიკა ხელს შეუწყობს ექსპლუატანტებს შედარებით მაღალი რისკის მქონე ფრენები განახორციელონ მათთვის ხელსაყრელი მეთოდის გამოყნებით. შესაბამისად, ახალი წესი იძლევა შესაძლებლობას „სპეციფიკურ კატეგორიაში“ ექსპლუატაცია განხორციელდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტული სცენარების შესაბამისად ელექტრონული დეკლარირების საფუძველზე.  სტანდარტული სცენარების შესაბამისად ექსპლუატაციის განხორციელების მიზნით, ახალი წესი  ექსპლუატანტებს აძლევს შესაძლებლობას, განახორციელონ დისტანციური პილოტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და შეფასება, ე.ი. ნაწილობრივ შეითავსონ სასწავლო დაწესებულების ფუნქცია.

ახალი წესის ამოქმედების პარალელურად, სააგენტოს ვებ-გვერდზე ამოქმედდება სპეციალური ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო მოთხოვნებთან მიმართებაში. სააგენტოს ვებ-გვერდზე, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ფრენისთვის აკრძალულ და შეზღუდულ არეებთან დაკავშირებთ. სააგენტოს მიერ, განთავსდება რეკომენდაციები და მეთოდოლოგია, რომლებიც ექსპლუატანტებს დახმარება ახალი წესით დადგენილი მოთხოვნების უკეთ აღქმასა და შესრულებაში.  

 

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის N156 ბრძანება "უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის" დამტკიცების შესახებ

ბრძანება ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 ოქტომბრის N163 ბრძანება დასახლებულ ადგილას კონტროლირებადი მიწისზედა არის თავზე პირდაპირი ხედვის არეში სტანდარტული სცენარი STS01 უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ

​დანართი

ბრძანება ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან

 

 

ინფორმაცია მოქმედ რეგულაციაზე

2017 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა „უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები”. რეგულაცია ადგენს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ნორმებს და მისი მიზანია ფრენის უსაფრთხოების დაცვა საქართველოს საჰაერო სივრცეში.

წესის რეგულირების ქვეშ ექცევა სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებული უპილოტო საჰაერო ხომალდები.

რეგულირების ქვეშ არ ექცევა:

  • უპილოტო საფრენი აპარატები რომელთა მასა ნაკლებია 250 გრამზე;
  • სათამაშო უპილოტი საჰაერო ხომალდები (საფრენი აპარატი რომელიც შექმნილია ან განკუთვნილია ბავშვებისთვის სათამაშოდ, მისი ფრენის მაქსიმალური სიმაღლე არ აღემატება 30 მეტრს მიწის ზედაპირიდან, ხოლო პოტენციური ენერგია 79 ჯოულს);
  • უპილოტი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია შენობაში (დახურულ სივრცეში).

ზოგადი მოთხოვნები:

  • დაუშვებელია უპილოტო საჰაერო ხომალდის მართვა დაუდევრად, რათა საფრთხეში არ ჩავარდეს ადამიანების სიცოცხლე და მათი ქონება, ასევე საფრთხე არ შეექმნას სხვა საჰაერო ხომალდს;
  • უპილოტო საჰაერო ხომალდის პილოტი უნდა მოერიდოს უპილოტო საჰაერო ხომალდის ფრენას იმ საჰაერო ხომალდის ზემოთ, ქვემოთ ან წინ, რომლის ბორტზეც იმყოფება პილოტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი იმყოფებიან უსაფრთხო მანძილზე და მხედველობაშია მიღებული საჰაერო ხომალდის კვალზე ტურბულენტობის გავლენა;
  • აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდით ადამიანის გადაყვანა;
  • დაუშვებელია ერთდროულად რამდენიმე უპილოტო საჰაერო ხომალდის მართვა ერთი დისტანციური მართვის სადგურიდან;
  • უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენებისას წარმოქმნილი ნებისმიერი მოვლენის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეიძლება დაემუქროს საჰაერო მოძრაობის, ასევე, პირების და ქონების უსაფრთხოებას, უპილოტო საჰაერო ხომალდის პილოტმა/ექსპლუატანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (საავიაციო მოვლენათა შეტყობინება);
  • დაუშვებელია უპილოტო საჰაერო ხომალდით საქართველოს საზღვრის გადაკვეთა სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე;
  • დაუშვებელია უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ღია ზღვის თავზე საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამისი ორგანოს თანხმობის გარეშე;
  • დაუშვებელია ავტონომიური უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია (უპილოტო საჰაერო ხომალდი, რომლის ფრენის მართვაში ჩარევა შეუძლებელია ფრენის პროცესში).

ღია კატეგორია:

დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ღია კატეგორიაში არ საჭიროებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანხმობას.
თქვენ არ გესაჭიროებათ სააგენტოს თანხმობა თუ დაიცავთ „ღის კატეგორიის" შემდეგ პირობებს:

  • დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 25 კილოგრამს;
  • ექსპლუატაციის სიმაღლე არ აღემატება 400 ფუტს (122 მეტრს) მიწის ზედაპირიდან;
  • ექსპლუატაცია ხორციელდება არაუმეტეს 54 კმ/სთ (15 მ/წმ) სიჩქარისა;
  • ექსპლუატაცია ხორციელდება პირდაპირი ხედვის არეში;
  • ექსპლუატაცია ხორციელდება საქართვლოს აეროდრომებიდან არანაკლებ 6 კილომეტრის დაშორებით;
  • ექპლუატაცია ხორციელდება პირის ან პირთა ჯგუფის თავზე ან ნებისმიერი პირისგან ჰორიზონტალურად არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული პირი ან პირთა ჯგუფი ასრულებს ექსპლუატანტის მითითებებს და იმყოფება ექსპლუატანტის მეთვალყურეობის ქვეშ;
  • ექსპლუატაცია ხორციელდება საავტომობილო ან სარკინიგზო გზების თავზე და/ან მის გასწვრივ არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით;
  • ექსპლუატაცია ხორციელდება შენობა-ნაგებობიდან ჰორიზინტალურად არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპლუატანტი ამ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა ან მიღებული აქვს თანხმობა აღნიშნული შენობანაგებობის მესაკუთრისგან;
  • დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაკომპლექტებელი ნაწილები არის ქარხნული წარმოების და არ არის მოდიფიცირებული;
  • დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდიდან არ ხორციელდება საგნების გადმოყრა და ნივთიერებების გაშხეფვა;
  • დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდით არ ხორციელდება საგნების, სახიფათო ტვირთისა და ნივთიერებების გადატანა;
  • დისტანციურად მართვადი უპილოტო საჰაერო ხომალდით არ ხორციელდება ბუქსირება;
  • არ ხორციელდება საჰაერო და საპილოტაჟო ჩვენება;
  • 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება სრულწლოვანი პირის ზედამხედველობის ქვეშ.

სპეციფიკური კატეგორია:

იმ შემთხვევაში თუ დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდებით თქვენს მიერ განსახორციელებელი საქმიანობა, სამუშაოების ტიპი, სერვისები და ა.შ. მოითხოვს ღია კატეგორიისთვის დადგენილი ექპლუატაციის ნორმებისგან განსხვავებულ პირობებს თქვენ ექცევით სპეციფიკური კატეგორიის ქვეშ.

დაუშვებელია დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია სპეციფიკურ კატეგორიაში სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე. პირველადი თანხმობა ექსპლუატაციაზე გაიცემა 1 წლამდე ვადით, ხოლო ყოველი მომდევნო თანხმობა გაიცემა 2 წლამდე ვადით.

თანხმობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ:

  • განაცხადი
  • უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია (სისტემა, საექსპლუატაციო მახასიათებლები, ტექნიკური შესაძლებლობები, საავარიო ვითარების, სისტემის გაუმართაობის მოგვარების პროცედურები, საფრთხის შეფასება და ა.შ.)
  • ფრენისთვის/ფრენებისთვის განკუთვნილი არის გეოგრაფიული კოორდინატები და ფრენის განხორციელების სიმაღლეები;
  • მწარმოებლის მიერ გამოცემული „უპილოტო საჰაერო ხომალდის ფრენების შესრულების ინსტრუქციის" ასლი ასეთის არსებობის შემთხევაში;
  • საექსპლუატაციო უპილოტო საჰაერო ხომალდის(დების) რეგისტრაციის მოწმობის ასლი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ფრენების წარმოების სახელმძღვანელო;
  • უპილოტო საჰაერო სისტემის საბორტო ჟურნალი;
  • 25 კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში - ტექნიკური მომსახურების რეგლამენტი (პროგრამა).
  • სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დამატებითი ინფორმაცია უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
  • განმცხადებლის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და ორგანიზაციული სტრუქტურა პასუხისმგებელი პირების მითითებით (იურიდული პირის შემთხვევაში);
  • იმ პირი(ები)ს ჯამრთელობის ცნობა, რომლებმაც უნდა განახორციელონ უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია;

ზუსტი ინსტრუქციისთვის იხილეთ ნორმატიული აქტი

რეგისტრაცია:

საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5 კილოგრამს ექვემდებარება რეგისტრაციას.

  • უპილოტო საჰაერო ხომალდი რეგისტრირდება იურიდიული პირზე ან ფიზიკურ პირზე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი.
  • უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ იგი არ არის რეგისტრირებული სხვა რომელიმე სახელმწიფოს რეესტრში.
  • რეგისტრაციის მოწმობა ვარგისია უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის მანძილზე და არის უვადო. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის დადასტურება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.
  • მონაცემთა ბაზაში შეტანილ უპილოტო საჰაერო ხომალდს ენიჭება ამოსაცნობი 5- ციფრიანი ნიშანი.
  • უპილოტო საჰაერო ხომალდზე გაიცემა „უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მოწმობა".


მოწმობის მისაღებად სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი;
  • რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია);
  • ტექნიკური და საფრენოსნო მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტები.

150 კგ და მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია ხორციელდება „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ –სამოქალაქო ავიაციისსააგენტოსდირექტორის2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანების შესაბამისად

სერტიფიცირებული კატეგორია:

თუ თქვენი უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა შეადგენს ან აღემატება 150 კგ-ს, ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ხდება მოქმედი უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ფლობა.

სერტიფიკატის მისაღებად უნდა წარადგინოთ:

  • ექსპლუატაციაში არსებული თითოეული უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
  • შესაბამისი კატეგორიის მოქმედი დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობა ოსტატობის მითითებით;
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის საფრენოსნო წიგნაკი
  • ფრენების შესრულების სახელმძღვანელო;
  • ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემა;
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში საბორტო ჟურნალი;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მოქმედია გაცემის თარიღიდან 24 თვის განმავლობაში.

  • უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს:
  • უპილოტო საჰაერო სისტემის გამოყენება მხოლოდ მწარმოებლის მიერ დადგენილი მიზნით ან სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად;
  • უპილოტო საჰაერო სისტემის ტექნიკური პარამეტრების და მუშაობის რეჟიმის შესაბამისობა წესების მოთხოვნებთან;
  • ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს უპილოტო საჰაერო სისტემის ფრენების და საფრენოსნო ვარგისობის შემოწმება, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • სერტიფიცირებული ექსპლუატანტი პასუხისმგებელია უპილოტო საავიაციო სისტემის ვარგისობის მუდმივად შენარჩუნებაზე;
  • საქმიანობის განხორციელება სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
  • იმ პერსონალის სწავლება, რომელიც ჩართულია უპილოტო საჰაერო სისტემის განთავსების, მომსახურების და შენახვის პროცესში;

ზუსტი ინსტრუქციისთვის იხილეთ ნორმატიული აქტი

ვადები:

უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები მოქმედებს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ფრენის მოთხოვნები ძალაში შევიდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან.
უპილოტო საჰაერო ხომალდების სერტიფიცირებული კატეგორიის საექსპლუატაციო მოთხოვნები ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან.

 

ია კონსულტაციები ინდუსტრიასთან:

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაითვალისწინა და მხედველობაში მიიღო უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესის პროექტთან დაკავშირებით ოპერატორების მიერ, კონსულტაციების (შეხვედრა/პროექტის განთავსება ვებგვერდზე) ფარგლებში გამოთქმული წინადადებები:

წესის პროექტს დაემატა საჰაერო ხომალდის მოდელის ექსპლუატაციის მარეგულირებელი ნორმები;

დაშვებული სიმაღლე - 400 ფუტი გავრცელდება უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე მხოლოდ ღია კატეგორიაში, შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების 400 ფუტზე მაღლა ექსპლუატაცია დაშვებული იქნება მხოლოდ სააგენტოს თანხობის საფუძველზე (სპეციფიკური კატეგორია);

რეგისტრაციისა და ექსპლუატაციაზე თანხმობის მიღებისთვის სერიული ნომრის წარდგენა სავალდებულო იქნება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

 

გახსოვდეთ, რომ უპილოტო საჰაერო სისტემები და ხომალდები წარმოადგენენ საფრენ აპარატებს ისევე როგორც ყველა სხვა საჰაერო – სატრანსპორტო საშუალებები. იმისათვის, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდებმა სამოქალაქო დანიშნულების საჰაერო ხომალდებთან ერთად იფრინონ ერთ საჰაერო სივრცეში აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. სააგენტოს ნორმატიული აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქცია (გაფრთხილება/დაჯარიმება, თავი 10).

გისურვებთ წარმატებულ და უსაფრთხო ოპერირებას!

 

უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვების გაჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: UAS-GA@gcaa.ge

 

საჭირო ბმულები:

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 1 მაისის N58 ბრძანება „უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესების“ დამტკიცების შესახებ 

წესის დანართები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების” დამტკიცების შესახებ

 

 

საქართველოს საჰაერო კოდექსი

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N113 ბრძანება "საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების" დამტკიცების თაობაზე

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის N17 ბრძანება "საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის" დამტკიცების შესახებ

 

 

 

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო