19-20 ოქტომბერს, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) საერთაშორისო თანამშრომლობის რიგით მეექვსე ფორუმს უმასპინძლა. ყოველწლიური ღონისძიების მიზანს EASA-ს, მის პარტნიორ საავიაციო ხელისუფლებებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო მექანიზმების განხილვა, ევროკავშირის ახალი რეგულაციების გაცნობა და სხვადასხვა ქვეყნის მიერ ავი...აციის სფეროში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.
ღონისძიების ფარგლებში 40 ქვეყნისა და 10 საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განიხილეს ფრენების უსაფრთხოების ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით ICAO-სა და EASA-ს მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივები (RSOO, ICAO/SRVSOP, Data4Safety), ტექნიკური დახმარების პროგრამები, საავიაციო სექტორის ინსტიტუციონალური გაძლიერებისა და რისკების მართვის თანამედროვე მოდელები. საავიაციო სფეროს მარეგულირებელი ორგანიზაციების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე, უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულირების საკითხებს.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან კარანაძე. თავის გამოსვლაში, სააგენტოს წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის რეგულაციებისა და დირექტივების დანერგვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე, სირთულეებზე და გამოწვევებზე. ამასთან, ხაზი გაესვა ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტებისა (Twinning, TRACECA civil aviation, EUROCONTROL) და EASA-სთან თანამშრომლობის შეთანხმებებით გათვალისწინებული პროგრამების (Standardisation Inspections, SAFA) მნიშვნელობას საქართველოს საავიაციო დარგის განვითარებისთვის.